ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის წინ სტუდენტი გოგონა გაიტაცეს

„როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მაშინვე გაჟღერდა, რომ გატაცებული გოგონა პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის. დავუკავშირდი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან არიან. მათ ვთხოვე, ეს ფაქტი გაერკვიათ. შემდეგ როგორც გავარკვიე, გატაცებული გოგონა არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. დავადგინე, რომ ის იყო გათხოვილი და ამავე დროს ქმარს გაცილებული. გოგონა თავად ქმარმა გაიტაცა. ყველაზე ციდი რაც არის ეს არის საზოგადოების გულგრილობა. გოგონა გატაცებისას შველას ითხოვდა, მაგრამ არავინ დახმარებია. ჩემი დასკვნით, საქმე გვაქვს ძალადობასთან. ნორმალური საქციელი არ არის, რომ საკუთარი მეუღლე უნივერსიტეტის წინ გაიტაცო და მითუმეტეს, როდესაც ის შენგან წასულია“, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ ცისკარიშვილმა. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციას არ ფლობენ, გატაცებული გოგონა არის თუ არა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.
„დღეს შემთხვევით გავიგე, რომ უნივერსიტეტის წინ გოგონა გაიტაცეს. გოგონას სახელი და გვარიც არ იციან და შესაბამისად ძალიან რთულია იმისი დადგენა, სწავლოვს თუ არა ეს გოგონა ჩვენს უნივერსიტეტში“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო კახაშვილმა. 
შსს-ში კი განაცხადეს, რომ თესაუსთან გოგონას გატაცების შესახებ შეტყობინება თელავის რაიონულ სამმართველოში დღეს ნაშუადღევს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები საქმეზე მოკვლევას აწარმოებენ. 
„თელავის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე პოლიცია გამოკითხვებს აწარმოებს. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ“, – განახადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, შორენა ჯახუამ.