ახალი ამბები

თელავში გარემოვაჭრეები აქციების დაწყებას მერიასთან გეგმავენ

მათი განცხადებით, დღეს დილიდან საპატრულო პოლიცია მათ გარევაჭრობის უფლებას აღარ აძლევს. აქციის მონაწილეეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს გარევაჭრობა წარმოადგენს და მისი აკრძალვის შემთხვევაში რამდენიმე ათეულ ოჯახს შიმშილობა ემუქრება:
,,დღეს დილიდან პოლიცია არ გვაძლევს ვაჭრობის საშუალებას, აიკრძალაო გვეუბნებიან. რა უნდა ვქნათ სად წავიდეთ. ერთი ვედრო მარწყვი მაქვს ხოლმე გამოტანილი და ბაზარში დავდგე და იქ გავყიდო? გადასახადიც ხომ უნდა გადავიხადო და ოჯახში რაღა მივიტანო, ძალიან ძვირია. ქალაქის მერს ვთხოვთ დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წამოვიყვანთ ჩვენს მშიერ და ავადმყოფ შვილებს, მერიის წინ დავდგებით და იქ დავიწყებთ ვაჭრობას. იმისთვის ავირჩიეთ ეს ხალხი, რომ ჩვენთვის მოეხედათ. თუ ქალაქის მერი არ დაგვეხმარება, კაბინეტიდან გამოვაძევებთ”,– განუცხადა Knews.ge-ს გარემოვაჭრე ლალი კბილაშვილმა.
აქციის მონაწილეებს თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი შეხვდა. მან, გარემოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რაზეც გარემოვაჭრეები უარს აცხადებენ.