ახალი ამბები

დღეს ღირსი მამის დავით გარეჯელის ხსენებაა

მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელის სულიერი შვილი გახდა. წმ. იოანე, 12 ასურელ მამასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მათ სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. 
მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. 
წმინდა მამის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს ამოხეთქა სასწაულმოქმედმა წყალმა, რომელმაც მრავალი ადამიანი განკურნა უშვილობისაგან. მაშინ თბილისი ცეცხლთაყვანისმცემლებს ჰქონდათ დაპყრობილი. ღირსმა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე. 
მოგვები ხედავდნენ, რომ წმინდა ბერი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე ღირს მამას მრუშობა დააბრალა. მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა. ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. 
წმინდანმა განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან ამოირჩია კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო, სადაც მან მონასტერი დააარსა და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. 
რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა იერუსალიმის მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მან თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო. იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ დავითს მთელი იერუსალიმის მადლი მიჰქონდა. ილიამ წმინდანს მსტოვრები დაადევნა და მათი პირით ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს. მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. 
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირს მამას ღვთისაგან გარდაცვალების შესახებ ეუწყა. აღსრულებამდე დავით გარეჯელი ეზიარა მაცხოვრის წმინდა სისხლსა და ხორცს. 
გარდაცვლილი წმიდანის სხეულმა სასწაულებრივად განკურნა დაბადებიდან ბრმა ადამიანი, რომელიც მიეახლა მამა დავითის გვამს. წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა დაკრძალეს იმავე სენაკში, სადაც მრავალი წელი გაატარა.