ახალი ამბები

ოპოზიციამ თელავის გამგეობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გააპროტესტა

შოშიაშვილმა აღნიშნულ თემაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა. შოშიაშვილმა ის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა სადაც მისი მტკიცებით სადაც მოცემულია რა თანხებს ხარჯავს გამგეობა უწყების სარესტორნო მომსახურებისთვის:

“დოკუმენტებში, რომელიც მე გავასაჯაროვე გამგეობის მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხებს შეეხებოდა. უწყების მიერ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ადილობრივი ბიუჯეტიდან რესტორნებში სტუმრის გამასპინძლებისთვის გადაირიცხა ათი ათას ლარამდე, სადაც არ იყო მითითებული კონკრეტული სტუმრის ვინაობა. ღორის მწვადი, ბასტურმის მწვადი, ხინკალი, ჩაქაფული და ხაშლამა, ტვინი კეცზე – პრაქტიკულად ყოველდღიურად ასეთი მენიუ აქვს გამოწერილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას რესტორნებში, რომლის ასანაზღაურებლად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. ეს კი ხდება იმ დროს, როდესაც მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ხშირად პურის ფულიც სანატრელი აქვს. თელავის გამგეობა კი ქამრების შემოჭერის ნაცვლად არაფერს არ იკლებს” , – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტაციაში, რომელიც სარესტორნე ხარჯის ამსახველია, მითითებული არ არის თუ რა კონკრეტულ შემთხვევას ემსახურებოდა გაწერილი თანხები და რამდენ ადამიანზე იყო სუფრა გათვლილი:

“ეს კი ეჭვს ბადებს, რომ ბიუჯეტიდან თანხა არა საქმიანი ვიზიტის დროს გაიწერა, არამედ ამ თანხებით გამგეობის მაღალჩინოსნები ან ნაბახუსევზე გამოდიოდნენ, ან კიდევ საკუთარ ფინანსებს უფრთხილდებოდნენ,”– აცხადებს შოშიაშვილი.

ოპოზიციონერის ბრალდებებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხობს. ალექსანდრე შათირიშვილისთქმით, თვითმმართველობას სტუმრების გამასპინძლებისთვის წლის განმავლობაში ბიუჯეტში 27 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა მისივე განმარტებით, წელს ამ თანხის სრულად ათვისებას არ აპირებენ.

“თელავს სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით გაცილებით ბევრი სტუმარი ჰყავს, ამიტომ გამგეობას 4 თვის მანძილზე მათი გამასპინძლება ჯერ მხოლოდ 8 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება იმას, რომ არ არის დოკუმენტებში ჩაწერილი კონკრეტული სტუმრების რაოდენობა და ვინაობა, ამაზე არ ვფლობ ინფორმაციას,”– განაცხადა შათირიშვილმა.