გურჯაანის მოსახლეობა შესაძლოა ატმის მოსავლის გარეშე დარჩეს

ჩუმლაყი, ყიტაანი, ახაშენი და ვაზისუბანი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელშიც დაავადება უკვე გაჩნდა. გაფუჭებული ხეხილის გამო წელს გლეხები გადარჩენილი პროდუქტის რეალიზების პრობლემის შექმნასაც არ გამორიცხავენ. გლეხები დახმარებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებს სთხოვენ. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, დაავადების გამო, ხეხილმა უკვე გახმობა უკვე დაიწყო. ახაშნელების თქმით, აუცილებელია, მთავრობამ დროულად მიიღოს სათანადო ზომები და გლეხებს დახმაროს, რომ მოსავალი მომავალ წელს მაინც მიიღონ.
ახაშნელი ნიკოლოზ გილიგაშვილი ის ერთ-ერთი მეურნეა, რომელსაც ხუჭუჭამ ატმის ბაღის 90% დაუზიანა. მისივე თქმით, მარტოხელა ორსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ატმის რეალიზებით მიღებული ფულია, რომელიც მომავალ სეზონამდე წამლების საყიდლად უნდა გამოეყენებინათ. 82 წლის მოხუცის თქმით, მოსავლის გადასარჩენად მან ატმის ბაღი სამჯერ შეწამლა, თუმცა, უხარისხო შხამქიმიკატების გამო, დაავადება მაინც გავრცელდა. 
,,ყველანაირი საშუალება ვცადე ატმის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი ეშველა. სამჯერ მაქვს მოწამლული შხამქიმიკატებით, მაგრამ ტყუილად, 90%-ია დაზიანებული, ნაყოფიც გასცვივდა. რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. მეუბნებიან, კიდევ შეწამლეო, მაგრამ რა გამოვა, არ ვიცი. დაზიანებული ფოთოლი აღარ აღდგება და სხვა რა საშველი უნდა იყოს. მე და ჩემი მეუღლე მარტოხელები, მოხუცებულები ვართ. 82 წლის ვარ და ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც წამლებისთვის არ გვყოფნის. იმედი მქონდა, ატმის მოსავალი მოვიდოდა და ჩემს ავადმყოფ მეუღლეს მივხედავდი. ამის იმედზე ვიყავით და ესეც გაფუჭდა,’’- აცხადებს ნიკოლოზ გილიგაშვილი.
ნიკოლოზ გილიგაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ შხამქიმიკატების ვარგისიანობა უნდა აკონტროლოს, რომ შეწამვლის შემდეგ გლეხი დაცული იყოს მოსავლის დაზიანებისგან. მისივე თქმით, გარდა ამისა, დაზიანებული ატამი სათანადო ფასად უნდა გაიყიდოს, რომ გლეხი შემოსავლის გარეშე არ დარჩეს.
,,ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა იმუშავოს ხარისხიანი შხამქიმიკატების შემოტანაზე, რომ ეს დაავადება მოსპოს. ამბობენ, დაზიანებული ფოთლები უნდა გაეცალოსო, რაც დაავადებულია რომ გავაცალო, ცარიელი ტოტები დარჩება და მერე უფრო გახმება, მოსავალი მომავალ წელსაც ხომ მინდა. ამ პრობლემის გარდა, ატმის სეზონი რომ დაიწყება, დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პრობლემა შეიქმნება. ამ დაავადებით დაზიანებული ხე ისეთ მოსავალს არ მოგვცემს, რომ ნორმალურ ფასად ჩავაბარო. არ გვაქვს არაფრის იმედი’’ – აცხადებს ნიკოლოზ გილიგაშვილი.
სოფელ ახაშენში მცხოვრები ამბერგ მინდიაშვილი, შხამქიმიკატების უხარისხობას გამორიცხავს. იგი ატმის ბაღების მასიურად დაავადებას ცუდ ამინდს და გადაუღებელ წვიმას უკავშირებს. მისი თქმით, გარდა ატმის მოსავლისა, უამინდობამ მისი ვენახიც დააზიანა.
,,ატმის დაზიანება სიცივემ გამოიწვია, ხუჭუჭა შეხვდა და ხეები გაანადგურა. ჯერ არ არის ატმის სეზონი და უკვე 70-75% ნაყოფია დაზიანებული, წელს, ალბათ, ვერაფერს მივიღებ. გარდა ატმისა, ვენახიც მაქვს პატარა, მაგრამ ისიც მიფუჭდება. გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ვენახები და შესაწამლად ვერ შევდივარ. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. ამბობენ იმას, რომ შხამქიმიკატები, რომლითაც ხეები შეიწამლა, არ იყო ხარისხიანი, მაგრამ არ ვეთანხმები ამას, გამორიცხულია წამლის ბრალი იყოს, ეს ყველაფერი სიცივემ გამოიწვია,’’– აცხადებს ამბერგ მინდიაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რადგან აღნიშნული დაავადება, რომლითაც დაზიანდა ატმის ბაღები, ხის სწორად და დროულად შეწამვლის შემთხვევაში, გახმობას არ იწვევს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ივანე ბასილაშვილის თქმით, მათი ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც გლეხმა კარგად მოუარა ბაღებს, დაავადება მასიურად არ გავრცელებულა.