ახალი ამბები

ომბუდსმენი კახეთში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტს ეხმაურება

სახალხო დამცველის თქმით, დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად და დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შესაბამისი მიმართვების განხორციელება პასუხისმგებელი სახელმწიფო/ადგილობრივი თავითმმართველობის ორგანოების მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს ძალადობის მსხვერპლი 3 მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, უსაფრთხო და სათანადო სააღმზრდელო პირობებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსება და შემდგომი ზედამხედველობა.

,,საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე, მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართოს გამოძიება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ამავდროულად, გამოძიების ყოველ ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა. ასევე მიმართავთ საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრისთვის შეიმუშავოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირეწლოვანთა, როგორც მომეტებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებების განუხრელ დაცვას,”- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის აპარატი დააკვირდება მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას და მისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.