ახალი ამბები

აკურელები შხამქიმიკატების გაძვირებას აპროტესტებენ

აკურელების განმარტებით, ე.წ. ,,ხუჭუჭამ” ატმის ბაღები დააზიანა, ხეებმა კი ხმობა დაიწყო.

 ,,გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის 30%-ს მოჰყავს ატამი და იმით ცხოვრობს. იმ მოსახლეებმა, რომლებმაც ბაღების შესაწამლად შხამქიმიკატები საქართველოში იყიდეს, ყველას ხეებს ,,ხუჭუჭა”გაუჩნდა. იმათ ბაღებს კი, ვინც თურქეთიდან ჩამოტანილი წამლები გამოიყენა, არანაირი დაავადება არ შეხვედრია. ამ ყველაფერში ვადანაშაულებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყებამ უნდა აკონტროლოს, როგორი ხარისხის პრეპარატები შემოდის ქვეყანაში. ამ კუთხით დღეისთვის არანაირი კონტროლი არ ხდება. ყველაფერზე ფასებიც გაიზარდა, ეს კიდევ არაფერი. ხარისხიანი შხამქიმიკატები რომ შემოდიოდეს და მას ვიყენებდეთ, იმდენ მოსავალს მივიღებდით, რომ ბანკის ვალსაც გადავიხდიდით და არც გაგვიჭირდებოდა თავის შენახვა,”– განუცხადა knews.ge-ს აკურელმა დავით კალატოზიშვილმა.

“დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის რეგიონული კოორდინატორის ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, უხარისხო შხამქიმიკატების გარდა, მოსახლეობას მცირემიწიან ფერმერებზე დარიგებული აგრობარათების გამოყენებაზეც ექმნება პრობლემა. 

შოშიაშვილის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ მცირემიწიან ფერმერებს კუთვნილი თანხა მოახმაროს, 49 მილიონი ლარი მაღალჩინოსნების პრემიებზე იხარჯება. 
“იმის ნაცვლად, რომ “ქართულ ოცნებას” დანაპირები შეესრულებინა და სოფლის მეურნეობისთვის ხელი შეეწყო, პირიქით, ეს დარგი უკან და უკან მიდის. გაძვირებული და უხარისხო შხამქიმიკატების გამო, გლეხს მოსავალის მოყვანა უჭირს. ის პროგრამა კი, რომელიც მცირემიწიან ფერმერებისთვის ამოქმედდა, ფერმერი ვერ იყენებს. 50 ლარიანი ვაუჩერები გააუქმეს, ზოგის ბარათებზე კი თანხებს გვიან რიცხავენ, რის გამოც მოსახლეობა იძლებული ხდება, მასზე უარი თქვას. თუ ასე გაგრძელდება შესაძლოა, წელს რეგიონი მოსავლის გარეშე დარჩეს”, – განუცხადა Knews.ge-ს “დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა ვალერი შოშიაშვილმა, რომელიც დღეს აკურელებს შეხვდა და ადგილობრივებისგან პრობლემები მოისმინა. 

შოშიაშვილის განცხადებით, “დემოკრატიული მოძრაობა” ანალოგიურ შეხვედრებს რეგიონის მასშტაბით გააგრძელებს და მთავრობას მოსახლეობისათვის მიცემულ დაპირებებს კიდევ ერთხელ შეახსენებს.