ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგებელი – ხელისუფლება მოსახლეობას ფინანსურ ზარალს ვერ აუნაზღაურებს

სამაგიეროდ სააღდგომოდ ლაგოდეხის გამგეობისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისა და თანამშრომლების პრემიებისათვის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო. თავად კახა ჯამბურიამ ხელფასთან ერთად, პრემიის სახით 2600 ლარი გამოიწერა. 
“ნაწილმა დააზღვია მოსავალი და ისინი მიიღებენ კომპენსაციას. მოსახლეობას შუამდგომლობას გავუწევთ სადაზღვევო კომპანიებთან. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი თანხა, რომ ფინანსური ზარალი ავუნაზღაუროთ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მოსავალი არ დააზღვიეს“, – განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ. 
შეგახსენებთ, რომ სამ დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობამ საზამთროს, ნესვის, კიტრის და სხვა ერთწლიანი კულტურები დაახლოებით 150 ჰექტარზე გაანადგურა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ლაგოდეხის სოფელი აფენი დაზარალდა.

წინასწარი მონაცემებით, ძლიერმა წვიმამ, ვენახების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობას საზამთროსა და ნესვის ბაღებიც 100%-ით გაუნადგურა. სტიქიამ ზარალი ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებსაც მიაყენა.