ახალი ამბები

იორმუღანლოში ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის მამას სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა

იგი სოფელ ბადიაურში სიძის, აჯი გასანოვის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიდიოდა, როდესაც საპატრულო პოლიციის 207-ე ეკიპაჟმა დააკავა.
სამართალდამცავების განმარტებით, ჯეირანოვმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაჰიდ ჯეირანოვს მინიმალური ადმინისტრაციული ჯარიმა 250 ლარის ოდენობით კანონის 173 მუხლით შეეფარდა, რომელიც კანონის მიხედვით მან არაუგვიანეს 7 დღეში უნდა დაფაროს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯარიმის შეფარდების შემდეგ ზაჰიდ ჯეირანოვა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
,,ბადიაურში მანქანა გზის მარჯვენა მხარეს გავაჩერე. ციმციმა არ მუშაობდა და ამიტომ გამაჩერა პოლიციამ და საბუთები მომთხოვეს. რადგან სიძის სასამართლოზე მივდიოდი სიღნაღში და მეჩქარებოდა, თავი ვერ შევიკავე და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. 30 წელია მძღოლად ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია. განერვიულებული და დაძაბული ვიყავი ამიტომ მოვიქეცი ასე. მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება,’’- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჯეირანოვმა.
როგორც ადგილიდან Knews.ge-ს კორესპონდენტი იტყობინება, მოსამართლის შეკითხვაზე, რომელიც მისი დაბადების თარიღის დადგენას ეხებოდა ზაჰიდ ჯეირანოვმა ვერ უპასუხა. 
ჯეირანოვის სიძის ადვოკატი მზია სიჭინავა, რომელიც აღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აცხადებს, რომ ხანუმ ჯეირანოვას მამაზე ახდენდნენ ზეწოლას რათა ეღიარებინა სამართალდამცავების წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.
,,ადამიანმა საკუთარი დაბადების თარიღი ვერ გაიხსენა. არსებობს ეჭვი იმის, რომ პოლიციელებმა მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. იგი ვერ იაზრებდა რას ამბობდა სასამართლო პროცესზე,’’– აცხადებს მზია სიჭინავა.
შეგახსენებთ, სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები აჯი გასანოვის სასამართლო სხდომა, რომელმაც ცოლის შეურაცხყოფის გამო, თანასოფლელ აფკან გუსეინოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, 13 მაისამდე გადაიდო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ბონდარენკომ საქმის პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც მხარეთა საპროცესო შეთანხმებას ითვალისწინებდა დააკმაყოფილა. როგორც knews.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ბრალდების მხარემ მოსამართლეს 5 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მხარეთა შორის მოლაპარაკება.
დაცვის მხარის ადვოკატის, მზია სიჭინავას თქმით, აჯი გასანოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით: 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და 19–108 მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.
30 წლის ხანუმ ჯეირანოვა თანასოფლელებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს, რის გამოც ორი შვილის დედამ თავი მოიკლა. ოჯახი დამნაშავეების დასჯას რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. ამის შემდეგ გარდაცვლილის მეუღლემ აჯი გასანოვმა ერთ–ერთ პირს, აფკან გუსეინოვს რომელიც მისი ცოლის ცემაში მონაწილეობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.