ახალი ამბები

ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის შენობიდან გუბერნიის გასახლებას ითხოვს

საკრებულოს წევრის განცხადებით, აღნიშნულ უწყებას შენობაში ფართი უსასყიდლოდ, უზუფრუქტით გადაეცა. ნიკოლოზ ვარდოშვილის განმარტებით, იმის გამო რომ თელავი ორად გაიყო და სამუშაო ადგილები გაიზარდა, ფართის პრობლემა გაჩნდა.
მისივე თქმით, დღეისთვის აღნიშნულ შენობაში ფართი გუბერნიას აქვს დაკავებული და თელავის თემის საკრებულო ქირით, სხვა შენობაშია გასული, რაც ვარდოშვილის შეფასებით, დაუშვებელია.
,,მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებული ვარ, დავიცვა თვითმმართველობის ინტერესი. იმ შენობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. რამდენიმე წლის წინ კი უსასყიდლოდ, უზუფრუქტით გადაეცა გუბერნიას ოთახები და ის არის ამ შენობაში განთავსებული. ასი ათასობით ლარს ვხარჯავთ მერიისთვის დამატებითი ფლიგელის ასაშენებლად, მაგრამ ისიც არ იქნება საკმარისი. როცა თელავი ორად გაიყო და შეიქმნა ორი მუნიციპალიტეტი, ფართის პრობლემა გაჩნდა, ვეღარ ეტევა სამსახურები. ამ ფონზე კი თელავის თემის საკრებულო სხვა შენობაში გადასულია ქირით, რომელიც ზურაბ ადეიშვილის საკუთრებაა და იხარჯება ამდენი თანხა. ამიტომ ვამბობ, რომ გუბერნიის აქ ყოფნით მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი შემოსავალი. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ კახეთის გუბერნია გადაიდეს სხვა შენობაში, რომ გადაიჭრას ამის გამო წარმოქმნილი პრობლემები. აღვნიშნავ, რომ გუბერნიას ცენტრალური ბიუჯეტიდან აქვს საკმარისი დაფინანსება, რომ შეინახოს თავისი ოფისი,”– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა. 
საკრებულოს წევრის განმარტებით, გუბერნიის ადმინისტრაციის გარდა, აღნიშნულ შენობაში ფართს დეპუტატის ბიუროც იკავებს. მისივე განცხადებით, იგი ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დეპუტატებს საკუთარი ოფისები ცალკე უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ფართის შესანახად საჭირო თანხა ყოველთვიურად ერიცხებათ. 

ნიკა ვარდოშვილის განცხადებას კახეთის გუბერნიაში გამოეხმაურნენ. გუბერნატორის მოადგილის, ზურაბ არსენიშვილის თქმით, იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის თანახმადაც აღნიშნულ შენობაში უწყება განთავსდა, თავისი საფუძვლები აქვს, რომელიც დღეს არ არის გამოკვეთილი.
,,ეს ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა თელავი არ იყო ორად გაყოფილი. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოთახები გუბერნიას უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა. ამ ხელშეკრულების გაუქმებას კი აქვს თავისი კანონიერი საფუძვლები, რომელიც არ არის გამოკვეთილი. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არც სამართლებრივად და არც ფინანსურად არ წარმოადგენს რაიმე სახის პრობლემას, რომ გუბერნია ამ შენობაში იყოს განთავსებული იმ ფორმით, როგორიც დღეს არის,”- განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ არსენიშვილმა.