ახალი ამბები

თელავში 100 წლის რეგიონული გაზეთის გამოფენა გაიმართა

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ ინიციატივით გაიმართა, ფინანსური მხარდაჭერა კი საქართველოს „სათემო განვითარების ცენტრმა“ უზრუნველყო. გამოფენის ორგანიზატორის, მაია მამულაშვილის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პირველი რეგიონული გაზეთი „ხმა კახეთისა“, რომელიც კახეთის რეგიონში 1912-1917 წლებში გამოიცემოდა და ასახვდა მაშინდელ კულტურულ-სოციალურ ყოფას და რეგიონის განვითარების ტენდენციებს. 

,,გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გაზეთი, რომელიც 100 წლის წინ გამოიცემოდა. ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იქნა შესწავლილი ამ გამოცემის შინაარსი. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია თელავის სახელმიფო უნივერსიტეტის ჩართულობაც და გარდა სტუდენტებისა, ამ გამოფენას საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც შევთავაზებთ. ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა უფრო მეტი იცოდნენ ჩვენი წარსულის შესახებ,”- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სათემო განვითარების ცენტრის” დირექტორის, ანა მარგველაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდასა და კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. 

,,სათემო განვითარების ცენტრი აქტიურად მუშაობს კახეთში კულტურის პროგრამების განხორციელების მხრივ და 2014 წელს ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა შესაძლებლობა კახეთში 5 მცირე პროექტი დაეფინანსებინა კულტურის სფეროში და ერთ-ერთი იყო მედია ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევითი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 100 წლის წინ გამომავალი გაზეთის არქივის მოძიებას და იქიდან მაშინდელი კულტურული ცხოვრების მხრივ საინტერესო მასალების ამოღებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გვექნება საშუალება მცირედი დაფინანსებით მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ კულტურის პროექტების განხორციელებას განსაკუთრებით სოფლების და თემის დონეზე,”- განუცხადა Knews.ge-ს ანა მარგველაშვილმა. 

გაზეთი “ხმა კახეთისა” საქართველოსათვის ურთულეს და გარდაქმნებით მიმდინარე ბობოქარ პერიოდში, 1912 წელს დაიბადა. წვრილ-ბურჟუაზიული გაზეთი აშუქებდა კახეთის ეკონომიკისა დაკულტურის საკითხებს. გაზეთში „ხმა კახეთისა“ დიდი რაოდენობით ქვეყნდებოდა საქართველოში ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მწერლების ნაწარმოებები, ცნობები სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემის, აგრეთვე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ. „ხმა კახეთისას“ ფურცლებზე დიდი ადგილი ეკავა სარეკლამო და სახელობო განცხადებებს, თეატრალურ აფიშას, კერძო მეწარმეებისა და ყიდვა-გაყიდვის შესახებ ცნობებს. გაზეთ “ხმა კახეთისას” გამოცემა მცირე პერიოდით აღდგა თელავში 1992 წელს. ფინანსური რესურსის არარსებობის გამო გაზეთმა არსებობა წელიწადნახევარში შეწყვიტა.

ამჟამად რეგიონში „ხმა კახეთისას“ კონცეპტუალურ გაგრძელებად დამოუკიდებელი გაზეთი „კახეთის ხმა“ მოიაზრება, რომელიც უკვე 13 წელია კახეთის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიუკერძოვებელ და სანდო წყაროს წარმოადგენს.