სტატიები

1. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტის დასაწყებად  კახეთის რეგიონი შეარჩია, რადგან ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო წლის განმავლობაში უამრავი უბედური შემთხვევა ხდება. ორი დღის წინ თელავში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევამ. ჩვენ კი გვინდა ასეთი შემთხვევებისგან მოსახლეობა დავიცვათ“, – განუცხადა knews.ge-ს  გელა კვაშილავამ, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თვმჯდომარემ. 

 უახლოეს მომავალში კახეთის სკოლებში განხორციელდება საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის. მოსახლეობაში ცნოებიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდება ქუჩის აქციები, სადაც მძღოლებსა და მგზავრებს მოვუწოდებთ დაიცვან საგზაო წესები და დაემორჩილონ კანონებს. მოეწყობა შეხვედრა ჟურნალისტებთან. პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის – ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონე, – განმარტავენ პროექტის გუნდის წევრები. 

პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.