ახალი ამბები

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო

წმინდა დიდმარხვის ბოლო კვირას ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების ნიშნად აღინიშნება.ვნების შვიდეულის  ორშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში პირველშეწირულის წირვა სრულდება. სამშაბათს კი ხარების დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მორწმუნეებისთვის მარხვა ზეთით, ხიზილალითა და ზღვის ნაწარმით ხსნილია. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. შვიდეულის ხუთშაბათს, ე.წ. “დიდი ხუთშაბათს”, ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა სრულდება. დიდ ხუთშაბათს ასევე სრულდება ფეხთბანის რიტუალი, რომლის დროსაც უფლის მსგავსად კათოლიკოს-პატრიარქი თორმეტ მღვდელს ფეხებს დაბანს. დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფლის ჯვარცმა მოხდა. ვნების შვიდეულის შაბათს, “დიდ შაბათს”, კი დილით ადრე ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება სრულდება, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. დიდ შაბათსაც მკაცრი მარხვაა დაშვებული.
დიდმარხვა 12 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.