კახეთის გუბერნატორმა გაეროს ელჩებს უმასპინძლა
კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ელჩებმა კახეთის მხარე დაათვალიერეს, გაეცნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და ესტუმრნენ ქალაქებს სიღნაღსა ყვარელს.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, კახეთს სამი რეგიონის გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი გვინეადან, გრენადადან, იამაიკიდან, კაბო-ვერდედან, ტიმორ-ლესტედან, ტონგადან და უგანდადან ეწვივნენ:
,,გაეროს ელჩები გაეცნენ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მოხარული ვარ, რომ კმაყოფილები დარჩნენ და მათი დამოკიდებულება ჩვენდამი არის დადებითი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები მსოფლიო პოლიტიკაში ქმნიან ამინდს. ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი გამოვიდა,”– განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძეს თქმით, გაეროს ელჩები კახეთის ტურისტული პოტენციალით დაინტერესდნენ:
,,გაეროს ელჩები გაეცნენ კახეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, ესტუმრნენ სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს. ჩვენმა უწყებამ მოაწყო პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რათა მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აქ არსებული კურორტების შესახებ,”– განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გაეროს ელჩებმა ტურისტულ კომპლექსში „გვირაბი“ ‘მეღვინეობა ხარებას” ღვინოები და ქართული ტრადიციული სამზარეულო დააგემოვნეს.