ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

მანიჟაშვილს შებინდებისას შვილის უბანში გამოშვების ეშინია.
,,გვინდა, ჩვენს სოფელში გარეგანათება დამონტაჟდეს, რომ ღამით უბანში გასვლის არ გვეშინოდეს. ისეთი სიბნელეა, ზაფხულობითაც ვერ ვუშვებთ ბავშვებს საღამოს გარეთ. საშიშია რა ვიცით რა ხდება. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით შეიძლება ეკონომიური ნათურების დაყენებაც, იმედია ხელისუფლება ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს,’’- განუცხადა Knews.ge-ს ნარგიზ მანიჟაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობასაც ეს პრობლემა აწუხებს. ისინი გამგებელს გარეგანათების სისტემის რეაბილიტაციას სთხოვენ. 
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლებში ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება, თუმცა გარე განათების აღდგენის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. 
უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის 22 სოფელში გარეგანათების მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯება. 
მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია სოფლების ცენტრალურ გზებზე ეკონომ.სანათების დამონტაჟება.
,,2015 წლის ბიუჯეტიდან დაგეგმილი გვაქვს 500-მდე ეკონომიური სანათის ყიდვა და ვფიქრობთ, რომ აკურიდან იყალთომდე დავამონტაჟოთ გზის პირას. რაც შეეხება გამონაცვალ სანათებს, იმას სოფლების შიდა გზების გასანათებლად გამოვიყენებთ”,-განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.