ახალი ამბები

ირაკლი შიოლაშვილი – კახეთის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კახეთის ყველა მუნიციპალუიტეტს აქვს საკუთარი გეგმა, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება.  

„კახეთში კადრების შემცირება არ იგეგმება. აქ არის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიც არის სატელეფონო, საწვავის, სამივლინებო თანხები. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის დონეზე ხარჯები აუცილებლად შემცირდება და ვთვლი, რომ ეს იქნება საკმაოდ სერიოზული დანაზოგი, როგორც რეგიონის, ასევე ცენტრალური ბიუჯეტისათვის. ამ ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი კონკრეტული გეგმა. ეს გამოქვეყნდება და ის მოსახლეობისათვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებს, მერებსა და გუბერნატორებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების დაჩქარების, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის, საკურორტო სეზონისთვის მზადებისა და საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურების დავალებები მისცა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონისათვის მზადდება რეგიონული განვითარების გეგმა, რომელსაც მთავრობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. შეხვედრაზე პრემიერმა დაასახელა კახეთის ის 4 ქალაქი, სადაც გამოყოფილი თანხები ეფექტურად აითვისეს. 

“მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან. სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.