ვიდეორეპორტაჟი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვემო ალვანში ტრადიციული მეურნეობების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

აღნიშნული პროექტი საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის თქმით, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 510 000 ევროზე მეტია, 2013 წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდება.  მისივე თქმით, პროექტის მიზანს თუშეთში ტრადიციული მდგრადი მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ბენეფიციარების მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერა წარმოადგენს. როგორც ცოფურაშვილი აცხადებს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი და ჩეხი ექსპერტების მიერ მთელი რიგი სასწავლო პროგრამების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას და მეცხვარეობის განვითარებას მეურნეობების მართვის მიმართულებით.
,,სასწავლო პროგრამები გამიზნული იქნება სოფლის მეურნეობის კოოპერაციული წარმოების პრინციპებზე, მდგრად განვითარებასა და ტრადიციული კულტურების მოყვანაზე, აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შენახვასა და მოვლა პატრონობაზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება მეცხვარეობასა და მატყლის რეალიზაციის ხელშეწყობაზე”, – განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
პროექტი – “ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში” თავის მხრივ ორ პროექტს – ,,მეკარტოფილეობის განვითარება საქართველოს შორეულ მთიან რეგიონებში” და “თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება – წარმოება – რეალიზაცია” აერთიანებს.
მეკარტოფილეობის განვითარების პროექტიის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტეტის მიერ პროექტის ბენეფიციარებს გადაეცათ ქვემო ალვანში მდებარე ყოფილი საქვაბის შენობა, რომელიც გარემონტდა და კარტოფილის სასაწყობე მეურნეობა (წარმადობა 50-60 ტონა) მოეწყო. მიმდინარე წელს დაგეგმილია კარტოფილის მწარმებელთა გაერთიანება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოებული კარტოფილის გასაღების ბაზრის მოძიება, სადაც თუშური კარტოფილი ბრენდის სახით გავა, როგორც ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტი კონკრეტული სავაჭრო ნიშნით “თუშური კარტოფილი.” “თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება – წარმოება – რეალიზაციის” პროექტის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ პროექტის ბენეფიციარებს 24 ერთეული მატყლის საპარსი მოწყობილობაის გადასცა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა სადგამი მოწყობილობების და კარკასების შეძენა.