ახალი ამბები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორცილების მექანიზმები შეიცვალა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს:
,,თუ შარშან სოფლებისათვის (დაბა-ქალაქი) თანხების გამოყოფა მთავრობის განკარგულებით ხდებოდა, ახლა მთავრობის განკარგულებით თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტისთვის ხდება და უკვე ის უმტკიცებს თითოეულ დასახლებულ პუნქტს პროექტისათვის თანხას. შესაბამისად, სოფლების კრებები ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ ოქმებს, პროექტების დასაფინანსებლად. 
ადგილობრივი ხელისუფლება ანაწილებს თანხებს, აცხადებს ტენდერებს, დებს ხელშეკრულებებს ზედამხედველობს სამუშაოებს და ა.შ”, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
რაც შეეხება სამინისტროს ფუნქციას, უწყების განმარტებით, სამინისტრო განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ზოგად მიმართულებას აძლევს პროექტებს და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ადგენს კონკრეტული სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას.