ახალი ამბები

თელავში სასოფლო-სამეურნეო მიწების მარეგულირებელ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის’’ თავმჯდომარის, ემზარ ქვარიანის განცხადებით, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების ის ფორმა, რომელიც პარლამენტში განსახილველად შევიდა, ქვეყნისათვის დამანგრეველია. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხილვა უნდა ჩავარდეს:

,,შევქმენით ქართული მიწის დაცვის კომიტეტი, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შედიან. ეს არის ანტიქართული პროექტი და ძალიან ბევრი საფრთხე არსებობს ამ კუთხით. საკითხები პუნქტებად გვაქვს ჩამოყალიბებული თუ რა უნდა შეიცვალოს და რომელი საკითხი უნდა იქნას ამოღებული. გვინდა, რომ გაკეთდეს ანალიზი იმ პუნქტებისა, რაშიც საშიშროებას ვხედავთ,’’– განუცხადა knews.ge-ს ემზარ ქვარიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ და კერძო პირებს მიეცემათ საშუალება 20-დან 200 ჰექტრამდე მიწა შეისყიდონ. ქვარიანისვე განცხადებით, თუ კანონპროექტს აღნიშნული ფორმით დაამტკიცებენ, ორგანიზაცია აქციების მოწყობას გეგმავს.

პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრის’’, ქართული მიწის დაცვის კომიტეტის წარმომადგენელის, დიმიტრი ლორთქიფანიძეს თქმით, ამ დროისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მარეგულირებელი საკანონმდებლო ინიციატივების ნორმების განხილვა გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებულია. ლორთქიფანიზეს იმედი აქვს, რომ კომიტეტის ინიციატივებს გაითვალისწინებენ:

,,ვფიქრობთ, რომ ეს მიზეზები პირდაპირპროპორციულ კავშირში უნდა იყოს იმ აქტივობების, რომელსაც ახორციელებს ქართული მიწის დაცვის კომიტეტი. ვიმედოვნებთ, ჩვენი აქტიურობა გახდება ახალი ინიციატივის საფუძველი და ის მინიმუმ უნდა ასახავდეს იმ რეალობას, რომელიც ვთქვათ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და კანონმდებლობაშია ჩადებული. წლების მანძილზე ამ კუთხით ველური კაპიტალისტური მიდგომები იყო, რომელიც ქართულ მიწას აქცევდა ბაზრის რეგულირების იმგვარ ობიექტად, რომლის ფასიც კი არ იყო დარეგულირებული. რაც ყველაზე მთავარია, მიწის შეძენის მსურველი ქართველი გლეხი ვერ გახდებოდა კონკურენტი მრავალბიუჯეტიანი თანხით შემოსული იურიდიული კომპანიებისა. ვაპირებთ, კარდაკარ სიარულს და ვითარების ადგილზე გაცნობას, იმისთვის, რომ ქართული მიწის მარეგულირებელი ნორმები იყოს გამართული,’’ – განუცხადა knews.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.