ახალი ამბები

ახმეტაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დარღვევები გამოვლინდა

ახმეტის თვითმმართველი ერთეულის კომისიის წევრმა ა.მ.-მ ერთ-ერთ კონკურსანტს მისი წარსული პოლიტიკური კუთვნილების შესახებ დაუსვა შეკითხვები. კონკურსანტი ახმეტის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან,“-  ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კონკურსის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში იუწყება.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ანგარიშში  ახმეტის რესპუბლიკური პარტიის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლაც მოხვდა. პარტიის წევრების მიმართ განხორცილელებული ზეწოლის შესახებ knews გასულ კვირას  წერდა. 

შეგახსენებთ, რომ  4 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა მათი პარტიის წევრების პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე თბილისის, ქუთაისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, პარტიის თავმჯდომარემ  მის თანაგუნდელებზე განხორციელებულ ზეწოლაზე და პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადაბირების მცდელობაზე  მათი დასაქმების სანაცვლოდ.

ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსზე რესპუბლიკური პარტიის ხუთი წევრის გასაუბრებას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაესწრო. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 

„ გამგეობის საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ნ.ქ.-მ უკეთესად წარმოაჩინა თავი გასუბრებაზე, ვიდრე გამარჯვებულმა კონკურსანტმა.  ამასთან, ნ.ქ.-სგან განსხვავებით გამარჯვებულ კონკურსანტს არანაირი პროფესიული გამოცდილება არ გააჩნია.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, გამგებლის წარმომადგენლის და საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე, რესპუბლიკური პარტიის ორმა კონკუსრანტმა დ.ს-მ და ნ.ბ.-მ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა თანაბრად წარმოაჩინეს თავი გასაუბრების ეტაპზე.

სოფელ ხალაწნის თვითმმართველ ერთეულში წარმომადგენლის და ადმინისტრაციული სამსახურის გენდერის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე, ჩვენი შეფასებით, გამარჯვებულმა კონკურსანტებმა უფრო წარმატებულად გაირეს გასაუბრება , ვიდრე რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ლ.ბ.- მ. და ა.კ.-მ. გამომდინარე იქიდან, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ ესწრება კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ჩვენთვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კომისიამ გამარჯვებული კადრების გამოვლენისას., – აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.