ახალი ამბები

ხვალ თელავში განათლების გამოფენა გაიხსნება

განათლების გამოფენა კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროში მომუშავე ასეულობით აქტორს წარადგენს.  მასშტაბურს გამოფენას  14 თებერვალს, 12:30 სთ-ზე,თელავის მერი პლატონ კალმახელიძე  გახსნის.  საინიციატივო ჯგუფი  ჟურნალისტებისათვის აპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.  

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მასშტაბური გამოფენა რეგიონის წამყვანი საგანამანათლებლო და ბიზნეს სექტორების მონაწილეობით, რომელიც დააკავშირებს განათლების პროვაიდერებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს ერთმანეთთან და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.

 პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ „კავკასიის ქალაქთა ქსელი“ რომელსაც ხელს უწყობს საქართველოს განათლების სამინისტრო, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, თელავის, ყვარლის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი, პროფესიული კოლეჯები, საჯარო სკოლები და რეგიონში არსებული ბიზნესის ფართო სპექტრი.

 შეგახსენებთ, რომ „ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტს“ 25 წელია აქტიურად  შეაქვს წვლილი  ქალაქ თელავის განვითარებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და  ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელებით.