ახალი ამბები

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ იწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით სამთავრობო პროგრამა მიზნად ისახავს მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაგრძელებას მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოსაყალიბებლად:
,,მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა 2013 წელს დაიწყო. წელს აღნიშნული პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა მიზნად ისახავს მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაგრძელებას მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოსაყალიბებლად. პროექტი ორიენტირებულია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
გასული წლებისგან განსხვავებით, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.
• ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
• ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.
ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს “მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.
„აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც ,,ლიბერთი ბანკი“ გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. 
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.