ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში გასაუბრებაზე გასულ კონკურსანტთა შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 154 ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის ყველა ეტაპი დასრულდა. ამ დროისთვის საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო შედეგებს აჯამებს. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო აფციაური, აცხადებს კონკურსი 154 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული, გასაუბრება კი 192-მა კონკურსანტმა გაიარა. 

,,გასაუბრებაზე გასულ კანდიდატთა შედეგების შეჯამებამდე კომისიის წევრები ინდივიდუალურად მუშაობდნენ. ვერ გეტყვით ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნება და გამოცხადდება თუ არა კონკურსი ხელახლა.
სავარაუდოდ, კვირის ბოლოს საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი და შერჩეული კანდიდატები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
რაც შეეხება კომისიას, ის 5 წევრისგან შედგება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან ჩართული.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თემის საკრებულოს აპარატში კონკურსი 21 ნოემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა გამგებლის, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge  ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე შეეძლოთ.