ახალი ამბები

შესაძლოა იანვრიდან ყველა ტიპის პროდუქცია გაძვირდეს

მაზიაშვილის თქმით, მის კომპანიას ფასის შენარჩუნება ჯერჯერობით რეზერვების მეშვეობით უხდება.
ლარის გაუფასურების გამო წლის დასაწყისიდან კვების პროდუქტებზე ფასები უკვე გაიზარდა. ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგის”, დირექტორი „კომერსანტთან” აცხადებს, რომ იანვარში ფასების 5% ით გაძვირება მოუხდათ. ვახტანგ საძაგლიშვილის თქმით, თუ ლარის კურსი 2 ნიშნულს არ ასცდა მაშინ ფასების მორიგი გაძვირება არ მოხდება. რაც შეეხება რეალიზაციის მაჩვენებელს, „შარმ ტრეიდინგის „ დირექტორი ამბობს, რომ დღესასწაულების გამო 15 იანვრამდე საქართველოში მოსახლეობა ვაჭრობით ნაკლებადაა დაკავებული, ამიტომ იკლო თუ არა რეალიზაციამ, ეს მომდევნო თვეებში გამოჩნდება.
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში დიდი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება. კერძოდ, დუნდუას განცხადებით, როდესაც ლარმა დაცემა დაიწყო, მთავრობამ მოიზიდა 145 მილიონი დოლარის საერთაშორისო სესხი, რითაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვი გაზარდა.
„რეალურად, ლარი გავიდა მიმოქცევაში, მაგრამ ბანკს დოლარი მიმოქცევაში არ გაუშვია, ეკონომიკისთვის დოლარი არ მიუწოდებია. ეს ეროვნული ბანკის მხრიდან შეცდომაა იმიტომ, რომ მთავრობამ რაც უნდა თანხა მოიზიდოს, გამოდის, რომ ეროვნული ბანკი ყველაფერს ამას რეზერვში დატოვებს და მიმოქცევაში გავა მხოლოდ ლარი. ამას კი ისეთივე ეფექტი ექნება, თითქოს ლარი დაებეჭდოს ვიღაცას და მიმოქცევაში გაეშვას”-აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბრისას დუნდუა.