ახალი ამბები

დეკემბერში სურსათზე ფასები 2.5%-ით გაიზარდა

“საქსტატმა” სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები გამოაქვეყნა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2013 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,0 პროცენტი შეადგინა. 
რაც შეეხება სასურსათო პროდუქციას, ფასები ამ კატეგორიაზე 1 წელიწადში 2.5%-ით გაიზარდა.
მონაცემების მიხედვით, სასურსათო კალათაში, რომელიც 295 დასახელების საქონლისგან და მომსახურებისგან შედგება, 30,25% (ყველაზე დიდი წილი) სურსათზე და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაზე მოდის, 5,08% ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე, 2,87% – ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე, 8,38% საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, აირზე და სათბობის სხვა სახეებზე მოდის, ჯანმრთელობის დაცვაზე 10,09% მოდის, დასვენება, გართობა და კულტურა 6,56%-იანი წილით არის წარმოდგენილი დ ა.შ.
დაბალი ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, ქვეყანაში სამომხმარებლო კალათაში სურსათს უჭირავს მნიშვნელოვანი წილი და ამიტომაც საზოგადოების მთავარი ყურადღება სურსათის ფასებზეა გადატანილი. 
ფასები სასურსათო პროდუქციაზე 8%-ით არის გაზრდილი, თუმცა მოხმარებაში ამ პროდუქტების წილს თუ გავითვალისწინებთ, სასურსათო კალათა 2,5%-ით გაძვირდა.
2013 წლის დეკემბერთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირდა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსი. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ხორცის გარდა ყველა სხვა დანარჩენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები გაიაფებულია. 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1 წელიწადში ხორცზე ფასები 10,2%-ით გაიზარდა, თუმცა დროის იგივე პერიოდში შაქარი გაიაფდა 6,5%-ით, მცენარეული ზეთები 18%-ით, მარცვლეული – 4,7%-ით, რძის პროდუქტები კი 34%-ით.