ახალი ამბები

განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას სკოლის გარეთაც გეგმავს

თამარ სანიკიძის 167-ე ბრძანებით უწყებამ, მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი 2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.

“ალიანსი მასწავლებელთა უფლებებისთვის” თანათავმჯდომარე, მარიამ რამინაშვილი, თვლის, რომ დისციპლინარულ გადაცდომად პედაგოგს, შესაძლოა, მედიისთვის მიცემული ინტერვიუ ან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებაც კი ჩაეთვალოს.

არასამთავრობოები ყურადღებას მინისტრის ბრძანებულების კიდევ ერთ პუნქტზე ამახვილებენ. დისციპლინური დევნის დაწყების მიზეზი, შესაძლოა, ზეპირსიტყვიერად მიწოდებული ინფორმაციაც გახდეს და, რაც მთავარია, მტკიცებულების ტვირთი ამ შემთხვევაში არა ბრალმდებელს, არამედ ბრალდებულს აკისრია.

არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები გაუგებარია განათლების სამინისტროსთვის. უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრის ბრძანება არასწორად გაიგეს და პედაგოგებზე გაზრდილ კონტროლს კატეგორიულად გამორიცხავენ.

სამინისტროს განმარტებები მიუღებელია პედაგოგებისთვის. ბრძანებულებას ისინი მათი თავისუფლების შეზღუდვად და პირად ცხოვრებაში ჩარევად აფასებენ.