თელავის ახალგაზრდული ინიციატივა

საბჭოში მოსახვედრად გავიარეთ ორსაფეხურიანი შესარჩევი კონკურსი: პირველ ეტაპზე გადავაგზავნეთ სამოტივაციო წერილები, თუ რატომ გვინდა ამ პროექტში მონაწილეობა. მეორე ეტაპზე გავიარეთ გასაუბრება, რის შედეგადაც გავხდით ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები.

ჩვენი მიზანია ქალაქის მერთან თანამშრომლობა, რისთვისაც, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი გვაქვს, ქალაქის მერს წარვუდგინოთ პროექტი, რომელიც თელავის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემას შეეხება. თავდაპირელად დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა თელავში არსებული ე.წ. ,,ყადორის ბაღის’’ რეაბილიტაციას და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბაღის აქტიურად დატვირთვა შინაარსით პრობლემებს შექმნიდა მოსახლეობასთან, რადგან ბაღი მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. რაც მთავარია, მისი რეაბილიტაცია არ მოგვცემდა იმ დამაკმაყოფილებელ შედეგს, რაც საფუძვლად უნდა დადებოდა ახალგაზრდული საბჭოს ჩამოყალიბებას. ამიტომ უპირატესობა მივანიჭეთ თელავში უკვე არსებული უმოქმედო სივრცეების ათვისებს და მათი კულტურულ-შემოქმედებით გარემოდ გარდაქმნას.
პირველი სამუშაო დღის პირველი ნახევარი იყო გაცნობითი ხასიათის, ჯგუფის წევრებმა გავიცანით ერთმანეთი, უფრო დაწვრილებით გავეცანით პროექტის არსს. მეორე ნახევარში დავასახელეთ ის თემები, რაც თელავში პრობლემად მიგვაჩნდა და რომელთა გადაჭრაც, ჩვენი აზრით, რეალობასთან ახლოს იდგა. ჩვენ ერთობლივად შევჯერდით მერთან წარსადგენ პროექტზე. პირველ სამუშაო დღეს მოვისმინეთ გამომძიებელი ჯურნალისტის, სტუდია ,,მონიტორის’’ ხელმძღვანელის ნინო ზურიაშვილის საუბარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ. მან დაწვრილებით გაგვაცნო ჩვენი, როგორც მოქალაქეების, უფლება-მოვალეობები და თვითმმართველობასთან მუშაობის ძირითადი პრინციპები.

 

მეორე დღე თამარ მოსიაშვილთან ერთად გავატარეთ. მასთან ერთად გავიარეთ პროექტის დეტალები – რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობის დროს. დავიყავით ჯგუფებად და პრაქტიკულად გავიარეთ პროექტის სხვადასხვა დეტალი.

ჩენი პროექტი სხვადასხვა თემას მოიცავს. ამიტომ, ჯგუფის წვერებმა გადავინაწილეთ მოსაგვარებელი საკითხები, გავიარეთ თითოეული საკითხი და კონკრეტული დეტალები. შეხვედრის მეორე დღე ამით დასრულდა.

ამ ეტაპზე ჯგუფის წევრები ვემზადებით თელავის მერთან – ბატონ პლატონ კალმახელიძესთან შესახვედრად, რომელსაც უნდა წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა ჩვენ მიერ შერჩეული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით.

თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრები მოტივირებულნი არიან. ისინი დადებითად არიან განწყობილნი ამ პროექტის მიმართ, რადგან მათ საშუალება აქვთ, ქალაქისთვის რაღაც რეალური გააკეთონ, ცვლილებები დაგეგმონ და განახორციელონ. ეს მათ კომენტრებშიც კარგად ჩანს:

ახალგაზრდული საბჭოს წევრი სოფია ბუღაძე ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა ძალიან დიდ სტიმულს აძლევს.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი თელავის ახალგაზრდული საბჭოს ძირითად შემადგენლობაში. ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა ასოცირდება გუნდურობასთან; ხოლო თუ გუნდურად ვიმუშავებთ, მაშინ, ვფიქრობ, სასურველ შედეგს მივაღწევთ. რაც შეეხება პირველი ორი დღის შთაბეჭდილებას, უპირველეს ყოვლისა, მივიღე უამრავი საინტერესო ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, გუნდურ მუშაობასთან, ადვოკატირებასთან, ინფორმაციის მოძიებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შევიძინე ახალი მეგობრები და განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი კოორდინატორები ძალიან საყვარლები, თბილები და კომუნიკაბელურები არიან. მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა.’’

 ვახო ვარდიაშვილი: ,,ძალიან მიხარია ამ პროექტში ყოფნა. პირველმა ორმა დღემ, ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიარა. უკეთ გავაანალიზეთ ჩვენი მისია, როლი და მზად ვართ ერთობლივი მუშაობისთვის. დიდი მადლობა პროექტის კოორდინატორებს ასეთი თბილი გარემოს შექმნისთვის.’’

თითოეული ჩვენგანისთვის დიდი პატივია ამ ჯგუფის წევრობა და სასიამოვნოა ის შეგრძნება, რომ მოგვეცა საშუალება, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში. რაც მთავარია, გვქონდა პატივი, რომ გვემუშავა ია ანთაძის (ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი), თამარ მოსიაშვილისა (განათლების პროგრამის მენეჯერი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში) და ნინო ზურიაშვილის (გამომძიებელი ჟურნალისტი, სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი) გარემოცვაში.

 

 

ბლოგზე იმუშავეს ეთერ შოშიაშვილმა და ლიკა ყარაულაშვილმა.

 

ბლოგი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.