ახალი ამბები

გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

აღნიშნული კანონის მიხედვით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა განთავსდეს წარწერა “გმო”, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა “გმ”. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა მისი ადვილად იდენტიფიცირება შეძლოს. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას აღნიშნული უნდა იყოს ინგრედიენტის სახელიც.
შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი ხდებიან, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ეტიკეტირების აღნიშნული ნორმები დააკმაყოფილონ. 
კანონის მიხედვით, ეტიკეტირების მოთხოვნათა შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება, შეუსაბამობა აღკვეთოს და სავაჭრო ქსელიდან არაეტიკეტირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამოიღოს. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი, გენმოდიფიცირებული პროდუქტი განადგურებას დაექვემდებარება. 
ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულებაზე დაწესდება სახელმწიფო კონტროლი – ეტიკეტის შეუსაბამობაზე სახელმწიფოს კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს, იმპორტისას – ფინანსთა სამინისტრო.
ასევე განისაზღვრა პასუხისმგებლობის საკითხი მოთხოვნათა დარღვევის შემთხევევაში. კერძოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5-ათასი ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10-ათასი ლარის ოდენობით.