ახალი ამბები

IFC: ქართულ კომპანიებში გამჭვირვალობის პრობლემაა

ოლივერ ორტონის თქმით, როგორც ფინანსური ისე არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობა მთავარი ფაქტორია, რაც უცხოელ პარტნიორებს ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობისას უნდათ დაინახონ. ორტონი ამბობს, რომ საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს მსოფლიო ბანკის „Doing business” რეიტინგის ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა ბიზნესის, ქონების რეგისტრაცია თუმცა, როდესაც საქმე კორპორაციულ მმართველობას და მასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს ეხება საქართველოს უკეთესი პოზიციები უნდა ჰქონდეს.

საერთშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელს მაგალითად ქართული კომპანიების ოფიციალური ვებ-გვერდები მოჰყავს, მისი თქმით კომპანიებს გამოტანილი აქვთ პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაცია, თუმცა მენეჯმენტის სტრუქტურის, ფინანსური მაჩვენებლებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. ასეთი ინფორმაციის არსებობა კი კომპანიის გამჭვირვალობაზე მიუთითებს და კომპანიას უპირატეს მდგომაროებაში აყენებს ინვესტორებთან ურთიერთობისას. ოლივერ ორტონის თქმით, კორპორაციული მმართველობა არის დისციპლინა, რომელიც ინტეგრირებულია ბიზნესში და ეს საკითხი ბიზნესისგან განცალკევებულად არ განიხილება.
ბიზნეს ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე საერთშორისო საფინანსო კორპორაციას ეთანხმება. ამასთან, ზურაბ ლალაზაშვილის ამბობს, რომ კომპანიები ნებაყოფლობით ფინანსურ და მენეჯმენტის შესახებ არსებულ სხვა ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ, რადგან ამ შემთხვევეში მათი კონკურენტული უპირატესობა დაიკარგება. ლალაზაშვილის თქმით, კორპორატიული მმართველობის ერთ-ერთი ელემენტი რაც ფინანსურ გამჭვირვალობას გულისხმობს ამა თუ იმ ფორმით სავალდებულო უნდა გახდეს, რომ ყველა კომპანიამ გაასაჯაროოს პროცესი, შედეგად გაცილებით იოლი გახდება ინფორმაციის მოძიება ინვესტორისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარზე კომპანიის საქმიანობას შეუწყობს ხელს.
ზურაბ ლალაზაშვილი განმარტავს, რომ კორპორატიული მმართველობის კუთხით დღეს ყველაზე განვითარებული ბანკები არიან და მათ მოეთხოვებათ ფინანსური ინფორმაცია იყოს საჯარო ნებისმიერი პირისთვის, შესაბამისად ბანკები კონცენტრირებული არიან ჩამოაყალიბონ ისეთი მმართველობა, რომ კარგი შედეგები მიიღონ და ეს აჯანსაღებს შიდა პროცესებს. ბიზნეს ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებითვე , ევროკავშირში ბუღალტრული აღირიცხვის შესახებ რაც ფინანსურ გამჭვირვალობასაც გულისხმობს უკვე არსებობს ნორმა ამიტომ რაღაც პერიოდში საქართველოსაც მოუწევს ამ ნორმების დაკმაყოფილება.