ახალი ამბები

თელავში ბაღების გაერთიანებამ საზოგადოებას 1 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საზოგადოებას 11 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.  პრეზენტაციას ქალაქ თელავის 9 ბაგა-ბაღის წარმომადგენელი, აღსაზრდელების მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნათია ქარჩაიძეს ინფორმაციით, 11 თვის მანძილზე ბაღებში ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა და სიახლეებიც დაინერგა:
,,ჩვენი 11 თვიანი მუშაობის მანძილზე მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების ინვენტარის განახლება – ბაღები აღიჭურვა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, ასევე განახლდა სამზარეულო. ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ გაგრძელდება აუცილებელი ღონისძიებების გატარება. ქალაქის 9 ბაღის ავეჯით მომარაგებაში დაიხარჯა 31 ათას ლარზე მეტი და ჭურჭელში კი 16 ათას ლარზე მეტი, ‘’ – განუცხადა Knews.ge-ს ნათია ქარჩაიძემ.
თელავის მერის პლატონ კალმახელიძეს თქმით, ინვენტარი რომელიც ბაღებში შევიდა, დაწესებულების მოთხოვნის და საჭიროების მიხედვით გადანაწილდა:
,,ბაღის გამგეების მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულებებს გადაეცათ საჭირო რაოდენობის ინვენტარი და ავეჯი. გარდა ამისა, აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში სამომავლოდ სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებასაც ვგეგმავთ,’’- განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.