ახალი ამბები

თესაუს რექტორის მოვალეობას ირმა შიოშვილი შეასრულებს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა.  თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნელი ცქიტიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ერთმა კანდიდატმა, რექტორის მოადგილემ, ირმა შიოშვილმა მიიღო: ,,101 წევრიდან მონაწილეობა მიიღო 93-მა ამომრჩეველმა. ერთი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო 92-მა ხმა მისცა ირმა შიოშვილს. დღესვე შეიკრიბა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელმაც სცნო საარჩევნო კომისიის შედეგები და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება. ხვალიდან ირმა შიოშვილი შეუდგება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მუშაობას,” – განუცხადა knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნელი ცქიტიშვილმა.
ირმა შიოშვილი რექტორის არჩევნებში 2013 წლის 8 ნოემბერსაც მონაწილეობდა. მაშინ შიოშვილმა აკადემიური საბჭოს 2 წევრის ხმა მიიღო.  ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ რექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ ირმა შიოშვილი რექტორის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე ის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი იყო. 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. 
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.