ახალი ამბები

თელავს „აღმოსავლეთ ევროპული საგაზეთო პარტნიორობა“ მედია პროგრამის მონაწილეები ეწვივნენ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჟურნალისტები და მედია მენეჯერები სამი დღის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით  თელავში ბაზირებულ ადგილობრივ გამომცემლობას „კახეთის ხმას“ ეწვივნენ.

გერმანული DW Akademie მიერ შერჩეული წამყვანი გაზეთების რედაქტორები და ჟურნალისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან, მონაწილეობენ  პროექტში „აღმოსავლეთ ევროპული საგაზეთო  პარტნიორობა“.

პროგრამის წარმოამადგენლები ქალაქ თელავის მერს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდნენ. გაეცნენ რეგიონის ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიას.

მონაწილეები უკვე ესტუმრნენ ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს სტრასტბურგსა და ბრიუსელში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, ეწვივნენ ნატოს შტაბ-ბინას,  შეხვდნენ ევროპის გავლენიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და  ფონდების წარმომადგენლებს; 

საქართველოდან პროგრამაში პალიტრა მედიისა და „კახეთის ხმის“ მედია ორგანიზაციები მონაწილეობენ.  გაზეთის გამომცემლის მაია მამულაშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჟურნალისტებს შორის თანაშრომლობა.

„პროგრამაში ჩვენმა ჩართულობამ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მოგვცა. გარდა იმისა, რომ საშუალება მოგვეცა ევროკავშირისა და ნატოს ცენტრალურ ინსტიტუტებს გავცნობოდით, ვიმყოფებოდით უკრაინასა და მოლდავეთში. ჩვენმა კოლეგებმა დასკვნითი კონფერენცია თელავის მედია კაფეში გამართეს, ჩვენთვის დიდი პატივია, მათი მასპინძლობა,“-აღნიშნა მან.

 როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს ერთიანი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც მოხდება  ევროპულ თემებზე მომზადებული პუბლიკაციების გაცვლა. სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი ვორქშოპები პროექტის მონაწილე უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს რედაქციებში, ევროპულ თემებზე სტატიების მომზადების მიზნით, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებს შორის კონტაქტების დასამყარებლად.