ახალი ამბები

პესტიციდების და სასუქების მოხმარებაზე კონტროლის შედეგს ქვეყანა 2020 წელს იგრძნობს

სპეციალისტთა შეფასებით, სასარგებლო ხილ-ბოსტნეული მავნე პროდუქტად მაშინ გარდაიქმნება, როცა ფერმერი მათი მოყვანის დროს სასუქებსა და პესტიციდებს არასწორად იყენებს. 
საქართველომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსის მარინა ღვინეფაძეს თქმით, პესტიციდების მდგრადი გამოყენება მიმართულია პესტიციდების გამოყენების შემცირებაზე. 
,,საშიში პესტიციდები ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ და მათ მაგივრად ნაკლების რისკის მქონე პესტიციდები დავნერგოთ. ევროკავშირის დირექტივა 128 -2009 არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციის, იმპორტის, განთავსების, შენახვის, შეფუთვის, გაყიდვის და გამოყენების წესებს. ეს რეგულაცია მოითხოვს, რომ სოფლის მეურნეობაში დაინერგოს მცენარის ინტეგრირებული დაცვის – აგროტექნიკური, მექანიკური, ფიზიკური, სელექციური და ბიოლოგიური მეთოდები. ამ მეთოდების ხარჯზე უნდა შემცირდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და ამით შევამციროთ ის რისკი, რომელიც ამ ნივთიერებების მეშვეობით ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს ადგება. ეს დირექტივები ჩვენთვის მთლად ახალი არ არის. 80-იან წლებში მცენარეთა დაცვის ინსტიტუტმა ინტეგრირებული დაცვის სისტემები თითქმის ყველა კულტურისთვის შეიმუშავა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ბოლო წლებში გადავედით მხოლოდ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე, რადგან ქიმიკატების მეშვეობით შედეგის მიღწევა გაცილებით მარტივი და სწრაფია. მიწების პრივატიზაციის შემდეგ ფერმერი მარტო დარჩა ბუნების წინაშე. ბევრს არ აქვს განათლება და მცენარეთა და ბუნების დაცვის შესახებ ცოდნა. ვერ აცნობიერებს იმ საშიშროებას, რომელიც პესტიციდისა და ქიმიური სასუქების გადაჭარბებული ხმარებისგან მოდის და მხოლოდ მის სარგებელს ხედავს,”-განუცხადა eugeorgia.info-ს მარინა ღვინეფაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ევროკომისიის რეგულაციებს დაუახლოვდეს, 10-წლიანი პერიოდია საჭირო. მისი განმარტებით, რეგულაციები რომ შესრულდეს, საჭიროა ფერმერების ინფორმირება და სპეციალისტების მომზადება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი მარინა ღვინეფაძე ამბობს, რომ პესტიციდების მდგრადი მართვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის მიახლოების პერიოდი მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, პესტიციდების და სასუქების მოხმარებაზე კონტროლის შედეგს კი ქვეყანა 2020 წელს იგრძნობს.