ახალი ამბები

ღვინის კომპანიები ყურძენზე სუბსიდიის შესაძლო მოხსნის საკითხს მხარს უჭერენ

ღვინის კომპანიები კი ამ ინიციატივას იმ შემთხვევაში მიესალმებიან, თუ ჩაბარების ფასი წლევანდელივით მაღალი არ იქნება.
კომპანია ,,თბილღვინოს’’ გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი 1 კგ რქაწითელში 1 ლარის გადახდას არ აპირებს, რადგან ამ ჯიშის ყურძენზე არ არის ისეთი დიდი მოთხოვნა, როგორიც მოსავალია.
,,კომპანიებს რთველის წინ მობილიზებული აქვთ გარკვეული რაოდენობის ფიქსირებული თანხა და ამ თანხას ვიღებთ ჩვენ საკრედიტო რესურსებით და ამ თანხით ჩვენ ვართ შეზღუდული, რადგან ბიუჯეტია გამოყოფილი რთველისთვის. თუ კი თეთრ ყურძენზც იქნება მოთხოვნის ზრდა, როგორც წითელზეა, მაშინ გონივრული იქნება სუბსიდირების შეწყვეტა’’– განაცხადა ,,თბილღვინოს’’ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მარგველაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, საფერავის სუბსიდირება აღარ მოხდება.
,,რაც შეეხება რქაწითელს, თუ ამისი კრიტიკული აუცილებლობა არ იქნა, მაშინ არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ამისი აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამ ზომებსაც მივიღებთ,’’– განაცხადა სოფლის მეურეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
დანელიას თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყურძნის სუბსიდირება გათვალისწინებულია. მთავრობას 2015 წელს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 12 მლნ ლარი აქვს განსაზღვრული.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს 1 კგ საფერავზე სუბსიდიის ოდენობა 15 თეთრი იყო. რქაწითელზე კი – 35 თეთრი.