ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორმა მოსახლეობას 2 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ირაკლი შიოლაშვილმა საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომელიც მისი გუბერნატორად ყოფნის პერიოდში განხორციელდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, 2014 წელს კახეთის რეგიონში 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა:
,,2014 წელს მოხდა 127 კმ საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია რომლის საერთო ღირებულებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა. მოეწყო 110 ჭაბურღილი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათეულობით კილომეტრ წყლის სისტემებს, ასევე შეიქმნა წყლის ახალი სათავე ნაგებობები რისთვისაც კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში 40 მილიონი ლარი დაიხარჯა”- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
მისივე განცხადებით, კახეთის რეგიონში გაშენდა 4 ათასი ჰექტარი ვენახი, ორგანიზებულად განხორციელდა ატმის მოსავლის დაბინავება და აშენდა 4 ახალი სასაზღვრო პუნქტი.
შეხვედრას, ასევე, პარლამენტის წევრები და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ, საზოგადოებას ბოლო 2 წელში განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებზე ესაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, კახეთი წელს ყველაზე წარმატებული რეგიონია.

,,ხაზი უნდა გავუსვათ წლევანდელ რთველს კახეთში, რომელიც იყო წარმატებული და ყველაზე დიდი შემოსავლიანი. გარდა ამისა 30-მდე ახალი საწარმო დაფინანსდა, შეიქმნა ბევრი სამუშაო ადგილი, გაშენდა ვენახები. მთლიან ჯამში კი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა რეგიონში და ეს მხოლოდ დასაწყისია,”- განაცხადა ოთარ დანელიამ.

თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კიდევ დარჩა რიგი საკითხები მოსაგვარებელი:
,,ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თელავში კიდევ ბევრი პროექტის დასრულებაა აუცილებელი, როგორც კულტურის და ძეგლთა დაცვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით,”- განაცხადა გელა სამხარაულმა.

გუბერნატორის მუშაობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი მიქაელიც ესწრებოდნენ.