ახალი ამბები

რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონე დაბალია

ამას მოწმობს ბოლო დროს მოზარდებში არასასურველი ორსულობის, მისი შეწყვეტისა და შემდგომ წარმოქმნილი პრობლემების გახშირებული ფაქტები, რომლებმაც ისინი შეიძლება, ფსიქოლოგიურ სტრესამდე მიიყვანოს.
ფსიქოლოგების თქმით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული. მათი განმარტებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირება, განსაკუთრებით მოზარდების, რომლებიც გარდატეხის ასაკში არიან.
ფსიქოლოგ თამარ თუშიშვილი აცხადებს, რომ ინფორმირება აუცილებელია, როგორც გოგონასთვის, ისე ბიჭისთვის, რომლებსაც ე.წ გარდატეხის პერიოდი ეწყებათ და საპირისპირო სქესის მიმართ ლტოლვა უჩნდებათ .
,,აუცილებელია, მათ კარგად იცოდნენ ზუსტად, რას გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გარკვეული ასაკის დროს უჩნდებათ, ესენია: თმიანობა, მენსტრუალური ციკლი და სხვა. მათ უნდა იცოდნენ, რატომ დაიწყო ეს ძვრები და რისთვის არის საჭირო. ჩემი აზრით, ამ კუთხით მათი ცნობიერება დაბალია. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი ფაქტიც: როგორც ფსიქოლოგი, კახეთში ვმუშაობ 14 წლის გოგონასთან, რომელიც არის ორსულად. მან არ იცოდა რეპროდუქციული ასაკის შესახებ, თუნდაც ის, მის ასაკში შეიძლებოდა თუ არა დაორსულება, როდის არის კვერცხუჯრედი მომწიფებული და სხვა. მას რომ სცოდნოდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას, საქმე, ალბათ, აქამდე აღარ მივიდოდა. სწორედ ამ ფაქტების თავიდან ასაცილებლად მათ უნდა იცოდნენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, იმისთვის, რომ არ მოხდეს დაუცველი სქესობრივი კავშირი, მათ უნდა ვუთხრათ, რა შეიძლება და რა არა. ახალგაზრდებს თავიანთი ასაკის შესაბამისად უნდა ველაპარაკოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია გასაგებ ენაზე,“- განაცხადა ფსიქოლოგმა თამარ თუშიშვილმა.
რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრ ,,კახეთი იონის’’ პროექტ ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობა-გენდერული თანასწორობის’’ ხელმძღვანელი გოჩა შავგულიძეც. მისი განცხადებით, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ემსახურება ადამიანის შთამომავლობის გაგრძელებას, მის შენარჩუნებას და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ის არის არა მარტო ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარება, არამედ მისი კეთილდღეობაც.
გოჩა შავგულიძის თქმით, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან უდა დაიწყოს.
,,მდედრობითი სქესისათვის რეპროდუქციულ ასაკს წარმოადგენს 15-49 წელი, ხოლო მამრობითისათვის 15 წლიდან ზევით, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე ზრუნვა ადამიანმა უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან და მას ენიჭება პრინციპული მნიშვნელობა. აღნიშნული საკითხის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების დონე დაბალია, დაინტერესება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა უკვე პათოლოგიური მდგომარებების გამოვლინება ხდება, რისი კორექციაც არცთუ ისე ადვილია და დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან. სწორედ ამიტომ, პრევენციას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც სასურველი შედეგის მიღების, ისევე, ფინანსური თვალსაზრისითაც’’, – განაცხადა გოჩა შავგულიძემ.