ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალში ბალახის საფარი გაქრობის საფრთხის წინაშეა

„თუ მეცხვარეებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ცხვრების დასაპურებლად, მათი ბიზნესი მომგებიანი აღარ იქნება,“ – განაცხადა დავით დოლიძემ.
ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ დაფინანსებული პილოტური პროექტის, რომელიც სხვადასხვა დონის დეგრადაციის საფრთხის წინაშე მდგომი ნიადაგების რეაბილიტაციას და საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვას ითვალისწინებს, პირველი მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების არსებობის მანძილზე პირველად შეიქმნა რუკები, რომლებიც მცენარეული საფარის შესახებ ინფორმაციის ვიზუალიზაციას ახდენს და საძოვრების და ცხვრის ფერმების ზუსტ მდებარეობას აღნიშნავს. გარდა ამისა, ასევე ჩატარდა თუში მეცხვარეების საარსებო გარემოს კვლევა სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების და მოსახლეობის საძოვრებზე დამოკიდებულების შესასწავლად. 
UNDP-ის პროექტის მენეჯერის, თორნიკე ფულარიანის თქმით, საქართველოს არასოდეს ჰქონია კანონმდებლობა, რომელიც საძოვრების მართვის და მოვლის საკითხებს დაარეგულირებდა. მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იქნება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის საძოვრების მდგრადი მართვის გეგმის შემუშავება, რომელიც მთავრობას განსახილველად 2015 წლის დასაწყისში გადაეცემა. 
„2016 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ სფეროსთვის ერთიანი პოლიტიკის და რეგულაციების შემუშავების დაწყება,“ ამბობს, UNDP-ის პროექტის მენეჯერი. 
თორნიკე ფულარიანის თქმით, მათი ინიციატივაა, ცხვრის გადასარეკი ბილიკის შემოღობვის ჩათვლით, ასმეტრიანი ფართი 50-მეტრამდე დავიწროვდეს, დაინერგოს როტაციული ძოვების სისტემა და გადასარეკი ბილიკის გასწვრივ დასარწყულებლები მოეწყოს, რაც ფართო ტერიტორიაზე დაწოლას შეამცირებს. 
„გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანერგვით და საძოვრების მდგრადი გამოყენებით ჩვენ კლიმატური ცვლილებების შემცირების საქმეში შეგვაქვს წვლილი.ამ დროისთვის უკვე შემოღობილია სხვადასხვა მცენარეული საფარის მქონე 100 კვადრატული მეტრის ფართობი, რაც შესაძლებელს გახდის ნახშირბადის მარაგის გამოსათვლელად გრძელვადიანი მონიტორინგის და შეფასების სისტემის დანერგვას,’’-აცხადებს ფულარიანი.