ახალი ამბები

ძვირი აქციზი ადგილობრივ წარმოებას პრობლემას შეუქმნის

მთავრობის გადაწყვეტილებით, სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით იზრდება, სპირტიან სასმელებზე, მათ შორის, ლუდზე კი – ორმაგდება.
1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადი ამჟამად 40 თეთრია, ახალი წლიდან ეს მაჩვენებელი 80 თეთრამდე იზრდება.
”კასტელ საქართველოს” მფლობელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აქციზის გადასახადის გაორმაგება პროდუქტს მკვეთრად გააძვირებს. ეს კი მომხმარებლისთვის მძიმე ასატანია.
ჭყონია განმარტავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ლუდის მოხმარების აკრძალვამ გაყიდვის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა ისედაც მოახდინა. ამჯერად კი, აქციზის გაორმაგების გამო, პროდუქტის გაძვირება რეალიზაციას კიდევ უფრო შეამცირებს.
1-ლი იანვრიდან კიდევ ერთხელ, აქციზის გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე 15 თეთრით – 90 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით – 25 თეთრამდე იზრდება. 
თამბაქოს მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ, რომ სიგარეტზე აქციზის გადასახადის გაძვირება არც ისე მტკივნეული საკითხია.მათი განცხადებით, აქციზის ზრდა არ არის ისეთი დიდი, რომ კონტრაბანდა წაახალისოს, თუმცა არარეგალური ბიზნესის საფრთხეს იმ შემთხვევაში გააჩენს, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.