ახალი ამბები

„თავისუფალი დემოკრატების“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს

დღეს ,,თავისუფალი დემოკრატების” ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზურაბ შავბალახაშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე მოლაშვილმა და ერთ-ერთმა წევრმა აკაკი სეფაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, თორნიკე მოლაშვილი აცხადებს, რომ ის, ზურაბ შავბალახაშვილი და თორნიკე მოლაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებად რჩებიან. 
,,პარტიიდან გავდივართ და ვრჩებით კოალიციაში. წლების მანძილზე მე ვიყავი პარტიის წევრი და წარმომადგენელი არჩევნების დროს. ვიყავით იმ პარტიაში, რომელიც გაემიჯნა კოალიციას. არ მაქვს ოპოზიციაში ყოფნის სურვილი და რასაც ვაკეთებდი გავაგრძელებ არსებულ ხელისუფლებასთან ერთად ”- განუცხადა knews.ge-ს თორნიკე მოლაშვილმა. 
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი აკაკი სეფაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრია. სეფაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ფრაქციაში დარჩება თუ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი. 
“მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ იმ დღიდან, როდესაც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. მართალია, ეხლა ის პრემიერ-მინისტრი აღარ არის, მაგრამ ჩემთვის დღემდე მისაღებია კოალიციის პოლიტიკური მიმართულება. არ არის გამორიცხული, რომ საკრებულოში ვიყო დამოუკიდებელი დეპუტატი. უახლოეს დღეებში მივიღებ ამის შესახებ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა აკაკი სეფაშვილმა. 
მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას პარტია სამმა წევრმა დატოვა, “თავისუფალი დემოკარატების” ყვარლის რაიონულ ორგანიზაციაში 13 წევრიღაა გაერთიანებული. 
4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ღარიბაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანია საგამოძიებო ორგანოებს დაუპირისპირდა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზირებას ცდილობდა. 5 ნოემბერს კი „თავისუფალი დემოკრატების“ შვიდმა წევრმა კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.