ახალი ამბები

ხვალ, თელავში, ღვინის პირველი ფესტივალი „თელავინო 2014“ გაიმართება

ხვალ, თელავში, „კახეთის მეღვინეთა გილდია“ აწყობს ქართული ღვინის პირველ ფესტივალს „თელავინო 2014“. თელავში პირველად ტარდება მსგავსი მასშტაბური ღვინის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის, ვაზისა და ღვინის კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ღვინის ფესტივალი თელავ-ქალაქის ზეიმს ემთხვევა და ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ დიდი და მცირე ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული 500-მდე სხვადასხვა ასაკისა და ტიპის ღვინო. საქართველოს მასშტაბით ღვინის 22 კომპანია ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას სულ ფესტივალში მონაწილეობას.  ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. აქვე წარმოდგენილი იქნება ყველისა და თაფლის მწარმოებელი კომპანიები. ფესტივალზე მისულ ყველა სტუმარს ელის საჩუქარი – მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Spigelau-ს მიერ წარმოებული სადეგუსტაციო ჭიქა „თელავინო -2014“-ის ლოგოთი. მხოლოდ ამ დღეს ფესტივალის სტუმარს ექნება შესაძლებლობა, სადეგუსტაციო ჭიქის წარდგენისას, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს უამრავი სახეობის ქართული ღვინო. გამოფენა თელავის თეატრში 12.00 საათზე დაიწყება და 18.00 საათამდე გასტანს.