ახალი ამბები

დავით შავლიაშვილმა საგარეჯოში ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს 8 პრიორიტეტული ნაგავსაყრელის მოწესრიგება დასრულდა. ამჟამად, 11 მოქმედი ნაგავსაყრელის (საგარეჯო, წნორი, ლაგოდეხი, დუშეთი, ხაშური, კასპი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, მარნეული, ფოთი) საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

დავით შავლიაშვილის განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი 1975 წელს მოეწყო და აღარ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. პოლიგონზე კი თავისუფლად გადაადგილდებოდა და იკვებებოდა შინაური პირუტყვიც. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო შიდა მიმოსვლის გზები, სანიტარული კვანძი, სახანძრო ფარი, სადარაჯო ჯიხური, განათება და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. ასევე, შემოიღობა ტერიტორია და დამონტაჟდა სპეციალური მანიშნებლები. განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ნარჩენები სპეციალურ უჯრედებში განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
პროექტის საერთო ღირებულება 170 796 ლარს შეადგენს.