ახალი ამბები

საკვები ობიექტები, რომლებიც ახალ სისტემას არ დანერგავენ, დაიხურებიან

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა არ არის სავალდებულო იმ ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც პირველად წარმოებას ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის განცხადებით, HACCP- ის დანერგვა წარმოების პროცესში სავალდებულო იქნება, სისტემის სერტიფიცირება კი – ნებაყოფლობითი:
“საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომაა. HACCP- ის დანერგვას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს მონიტორინგს. ამ სისტემის წარმატებულად განხორციელების შემდეგ ხდება აღიარება და დადასატურება იმისა, რომ საწარმო სურსათის უვნებლობის წესებს იცავს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის შემდეგ, სერტიფიცირება სავალდებულო არ არის. ეს ეხება ბიზნესოპერატორს, რომელიც შიდა ბაზარზე მუშაობს, მაგრამ თუ მეწარმეს სურს თავისი პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი, მაშინ ევროგაერთიანების ექსპერტები საწარმოში ჩაატარებენ HACCP- ის სისტემის მონიტორინგს, რომლის შემდეგაც კონკრეტულ საწარმოს აღიარების შესაბამისი კოდი და ნომერი მიენიჭება და პროდუქცია ევროკავშირში უპრობლემოდ შევა. ევროკავშირის ექსპერტები საწარმოო პროცესის აღიარებისთვის სახელმწიფო მოთხოვნის საფუძველზე ჩამოდიან. სასაკლაოები და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოები, რომლებიც 1 იანვრიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას არ დანერგავენ, დაიხურებიან“, – განაცხადა კახა სოხაძემ. 
საქართველოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს. ეს მოთხოვნებია:
ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;
ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების იმ ეტაპზე/ეტაპებზე დადგენა, როდესაც აუცილებელია განხორციელდეს კონტროლი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად ან სათანადო დონემდე შესამცირებლად;
გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შემცირების მიზნით;
დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება;
ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება;
ვ) პროცედურების შემუშავება ამ ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების რეგულარულად შესამოწმებლად;
ზ) „ა“–„ვ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შესახებ ჩანაწერების წარმოება.