ახალი ამბები

სოფელ არბოშიკის მოსახლეობა წყლის ჭაბურღილის გასხვისებას აპროტესტებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის მოსახლეობა ,,წისქვილის წყაროს” გასხვისებას აპროტესტებს. არბოშიკის მცხოვრებ ზაქრო სეხნიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჭაბურღილის გასხვისებისთვის სამუშაოები ისე დაიწყო, რომ სოფლის მოსახლეობისათვის არც კი უკითხავს.
,,დედოფლისწყაროს რაიონის ხელისუფლებამ მიიღო ერთობ შემაშფოთებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენი სოფლის “წისქვილის წყარო” უნდა წაგვართვას და მისცეს წყლის პრობლემით შეჭირვებულ მირზაანსა და მაჩხაანს. სამუშაოები ისე დაიწყეს, რომ ხალხს არაფერი ჰკითხეს. უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი. რაიონის ხელისუფლება და გუბერნია ამ საკითხს ცინიკურად უდგება და ამბობს, რომ თურმე წყლის გასხვისება არაფერია.
მინდა, ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა ამგვარი შემთხვევები აღარ განმეორდოს‘’,- განუცხადა Knews.ge-ს ზაქრო სეხნიაშვილმა.