ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების მეთოდიკა განისაზღვრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მიღებულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანება.
ბრძანების თანახმად, ტესტირების მეთოდიკით განისაზღვრება ტესტის შედგენისა და ტესტირების ჩატარების პროცედურები.
ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტის პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას.
ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების თხოვნით, ტესტი შედგენილ უნდა იქნას ორ ენაზე – ქართულად და ეთნიკური უმცირესობის ენაზე.
ტესტირების დღეს ტესტირების მონაწილე უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე, დაწესებულების მიერ მონაწილისთვის დადგენილ დროს.
ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად ითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას.
დაწესებულების უფლებამოსილი პირი სპეციალურ უწყისში აღნიშნავს ტესტირების მონაწილის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობას, რასაც მონაწილე ადასტურებს ხელმოწერით.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილის შედეგი ძალაშია 2015 წლის 1 ივლისამდე.
ტესტი მოიცავს 45 ტესტურ დავალებას საქართველოს კანონმდებლობიდან და ზემოთ აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისად და 15 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან. 
ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სწორი პასუხების მინუმუმ 50%, მაქსიმუმ 75% – ის ფარგლებში.