ახალი ამბები

თელავის ბავშვთა საავადმყოფოს რენდგენის ციფრული აპარატი გადაეცა

იაპონიის ელჩმა თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს რენდგენის ციფრული აპარატი გადასცა.
„ბავშვები მთელი ქვეყნის მომავალია, ამიტომ მათი ჯანდაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან. ჩვენ ერთობლივად უკვე 140 პროქეტი განვახორციელეთ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანმა. 
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის თქმით, უახლესი ტექნიკის სამედიცინო აპარატი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს შესაძლებლობას მისცემს ბავშვებში აწარმოონ მაღალხარისხიანი დიაგნისტიკური გამოკვლევები. 
„დაახლოებით 100 000 დოლარიანი თანამედროვე სამედიცინო აპარატი გადაეცა თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს. თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში, მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისათვის, სერიოზული გამოკვლევები ჩატარდება. ჩვენი თანამშრომლობა იაპონიის საელჩოსთან გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა. 
თელავის მერი პლატონ კალმახელიძე აცხადებს, რომ თელავის მერია იაპონიის საელჩოსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ბავშვთა ჯანმრთელობის ზრუნვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. 
„თელავის ბავშვთა საავადმყოფო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედ პერსონალით. წლებით განმავლობაში მათ გადაურჩენიათ მრავალი ბავშვის სიცოცხლე, უზრუნიათ ბავშვთა ჯანმრთელობაზე. მათ მუშაობა უწევდათ ძალიან რთულ პირობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო აპარატი ბავშვებს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას იაპონელ ხალხთან. ჩვენ შევთავაზებთ ბევრ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება თელაველი ბავშვების ზრუნვისთვის“, – განაცხადა თელავის მერმა.
თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი თამარ თეიმურაზიშვილის განცხადებით, პაციენტები, ნებისმიერი დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის, თბილისში აღარ გაიგზავნებიან.
რენდგენის ციფრული აპარატი საქართველოში მხოლოდ სამია, ხოლო თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი კახეთის რეგიონში ერთადერთი სამედიცინო ორგანიზაციაა, რომელსაც აღნიშნული ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატი აქვს.