ახალი ამბები

სოფელ კართუბნის მოსახლეობა ელექტრომომარაგების ნორმალური რეჟიმით ისარგებლებს

მომდევნო კვირიდან ლაგოდეხის რაიონის სოფ. კართუბნის მოსახლეობა ელექტრომომარაგების ნორმალური რეჟიმით ისარგებლებს. სოფელში მცხოვრებ 150 ოჯახს ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის რამდენიმე წლიანი პრობლემა მოეხსნება. 
დღეს ელექტროგამანაწილებელ ქსელს ახალი სატრანსფორმატორო პუნქტი მიუერთდება.
ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, ერთი თვის განმავლობაში ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დაამონტაჟა 2,5 კილომეტრიანი სიგრძის 10 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი და 100 კილოვოლტ/ამპერიანი ტრანსფორმატორი. სოფლის 70 ოჯახი განახლებულ გამანაწილებელ ქსელს მიუერთდება. წლების განმავლობაში კართუბნის მცხოვრებლების ეს ნაწილი ელექტროენერგიას იღებდა 1700 მეტრით დაშორებული სატრანსფორმატორო პუნქტიდან, რომელიც ძაბვის ვარდნას იწვევდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა. 
ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ სტაბილური ძაბვით ელექტრომომარაგება კართუბნის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემასაც მოხსნის. 
სოფლის ჭაბურღილიდან წყლის საქაჩი მოწყობილობის გამართული ფუნქციონირებაც სათანადო ძაბვის ელექტროენერგიაზე იყო დამოკიდებული.