ახალი ამბები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნურის სწავლების ზრდის ტენდენცია არ იკვეთება

როგორც თამარ სანიკიძე აცხადებს, პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენა მრავალი წლის განმავლობაში ისწავლება და დრამატული ზრდა რომ ყოფილიყო, ეს აუცილებლად შესამჩნევი იქნებოდა. მინისტრი ამ კუთხით რაიმე გადაცდომებს არ ადასტურებს.
“პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო აქტივობა. ეს არის სკოლის სტანდარტს ზემოთ მომსახურების ფარგლებში, რომელსაც სკოლა ახორციელებს. ამისათვის სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რაიმე ნებართვა არ ჭირდება და გადაწყვეტილებას საათების რაოდენობის შესახებ თვითონ სკოლა იღებს, იმის მიხედვით, რა მოთხოვნაა, კიდევ რა აქტოვობებს ახორციელებენ ისინი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი ხდება. იყენებენ ზუსტად იმ უფლებას, რაც მათ მინიჭებული აქვთ. რა თქმა უნდა, შეზღუდვაა, რომ მათ მიერ სტანდარტს ზემოთ მომსახურება არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. ამ და სხვა შეზღუდვების შესახებ არსებობს ჩანაწერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ჩვენი ინფორმაციით, გადაცდომები არ არის”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.