ახალი ამბები

23 წლამდე ახალგაზრდებს იარაღის შეძენა ეკრძალებათ

 თეა წულუკიანის განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების ნებართვის მაძიებელ თუ ასეთი ნებართვის მქონე პირთა მიმართ რეგულაციების გამკაცრება და ამ კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან შესაბამისობაში მოყვანაა.

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ ახალი ცვლილებებით, იმ პირს, რომელიც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული. 21 წლის ზღვარი დგინდება მხოლოდ სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევებში. 

„ყველა ის პირი, რომელიც ეძიებს, ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ამიერიდან ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა თეორიულ მომზადებაში და ჩააბაროს გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში, აგრეთვე, პირი შემოწმდება პიროვნულად იმისთვის, რომ მისი სანდოობის და ფსიქიკური თავისებურებების მიხედვით გაიცეს ან არ გაიცეს ნებართვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება სანადირო იარაღს, ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ექნება, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუ მას ამის ინტერესი ექნება.