ახალი ამბები

კახეთში წელს დამატებით 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა

წელს დამატებით 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რაც იმის დასტურია, რომ მეღვინეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კარდენახელ მევენახე სოსო ტურიაშვილის ოჯახში სტუმრობისას.

პრემიერის თქმით, მეღვინეობის განვითარება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რაც ფეხზე დააყენებს ქართულ სოფელს, ქართველ გლეხს, გაზრდის ხალხის შემოსავალს, კეთილდღეობას და საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას.

სოსო ტურიაშვილის განცხადებით, მის ოჯახს ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახი გააჩნია და წელს 4 ტონამდე ყურძენი ჩააბარა. მევენახემ კმაყოფილება გამოთქვა ყურძნის ფასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გასულ წელს ერთი კილოგრამი საფერავი ერთ ლარად ჩააბარა, წელს კი – 1,50 ლარად.

პრემიერის განმარტებით, შარშანდელი რთველის შედეგად კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი – 92 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს.

“ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ამით,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.