ახალი ამბები

ალავერდის მონასტერთან „მაწვნის სახლი“ გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში, ალავერდში „მაწვნის სახლი“ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – დიმიტრი ქუმსიშვილი და დავით ლეჟავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. „მაწვნის სახლის“ მშენებლობა-აღჭურვისთვის 935 000.00 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული. „მაწვნის სახლში“ უკვე დასაქმებულია ალავერდის ეპარქიის მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა. ტურისტული ობიექტის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ჯამში, 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. „მაწვნის სახლი“ ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. 
„მაწვნის სახლში“ გაიყიდება ბუნებრივ დედოზე დამზადებული მაწონი, ხავიწი, ალავერდის მონასტრის მეფუტკრეთა თაფლი, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული ქართული ხორბლის შოთის პური, ადგილობრივი წარმოების გუდის ყველი და ქვევრის ღვინო. ქვევრის ღვინოს დაყენების უძველეს მეთოდს, UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა. 
”მსგავსი პროექტები ემსახურება რამდენი ძირითად ასპექტს, მიმართულებას. რეგიონებში განვითარებულმა ინფრასტქრუქტურამ შინაარსობრივად სხვა საფეხურზე უნდა გადაიყვანოს მოსახლეობა ისტორიის მიმართ დამოკიდებულებაში, კულტურულ საქმიანობაში ჩართულობისა და აქტივობის კუთხით. ეს პროექტები ხელს უწყობს მოსლეობას, გადახედოს ადრინდელ დამოკიდებულებას და სრულიად ახალი მოთხოვნის შესაბამისად მოაწყოს კერძო მეურნეობა. ეკლესიის თაოსნობით ერთადერთი წამოწყებაა ჩვენს მხარეში ამ კუთხით განხორციელებული პროექტი. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტს მოიწონებენ და აიტაცებენ იმ მხრივ, რომ ხალხი მოუფრთხილდეს იმ ძირძველ ტრადიციას, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია რეგიონებში. ჩვენი პროექტის დახმარებით ეპარქიისა და რეგიონის მოსახლეობას შეეძლება მიიღოს ახალი ცოდნა, რომელიც დაეხმარება თავიანთი მეურნეობის უკეთ მოწყობაში“, – აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. 
„მაწვნის სახლი“ კახეთის განვითარების პროექტით გათვალისწინებული პირველი დასრულებული ობიექტია. ამავე პროექტის ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, კიდევ 9 ობიექტის მშენებლობის დასრულება იგეგმება. კახეთის განვითარების პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება. მისი ღირებულება 60 მილიონი აშშ დოლარია.